ისტორია


პროფესორი ზურაბ დავითაშვილი ადასტურებს, რომ XX საუკუნის 80-იან წლებამდე ტერმინი „გლობალიზაცია არ არსებობდა. იგი პირველად გამოიყენე ამერიკელმა მეცნიერმა ტ. ლევიტმა 1983 წელს. მან ამ ტერმინით აღნიშნა ცალკეული საქონლის ბაზრების შერწყმის მოვლენა, ხოლო გლობალიზაცია ფართო მნიშვნელობით, როცა იგი ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს, 1990 ქლიდან გამოიყენება, როცა გამოქვეყნდა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის იაპონელი კონსულტანტის კ. ომეს წიგნი „მსოფლიო საზღვრების გარეშე“ და მ. ელბროუს კრებული „გლობალიზაცია: შემეცნება და საზოგადოება“. მ. ელბროუმ ამ ტერმინში გააერთიანა ყველა ის პროცესი, რომელთა წყალობით მსოფლიოს ხალხები ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში ერთვებიან.

ამგვარად, თუ დასაწყისში გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო, ძლიან სწრაფად ფართო, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა (პოლიტიკა, სოციალური მხარე, კულტურა, მენტალიტეტი). იგი გაერთიანების შერწყმის სინონიმად იქცა.

 ჯ. ბეილისი და ს. სმიტი გლობალიზაციის ხუთ სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვას განასხვავებენ. პირველ რიგში ესაა ინტერნაციონალიზაცია, როცა გლობალიზაციაში გულისხმობენ სახელმწიფოთა შორის კავშირების გააქტიურებას და საზღვრების როლის განუხრელ შემცირებას. მეორეა ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება სახელმწიფოებრივი შეზღუდვების მოხსნაში, ანუ ღია და ინტეგრირებულ ეკონომიკასა და მოსახლეობის თავისუფალ მიმოსვლაში. მესამე მნიშვნელობით გლობალიზაცია არისუნივერსალიზაცია, ანუ მატერიალური და თუ სულიერი ღირებულებების ფართოდ გავრცელება მსოფლიოს ნებისმიერ კუტხეში. მეოტხე მნიშვნელობით გლობალიზაცია არის ვესტერნიზაცია და პირველ რიგში მისი ამერიკული ფორმა. და ბოლოს გლობალიზაცია,  დეტერიტორიზაციის მნიშვნელობით, როცა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მანძილი დატერიტორიული საზღვრები თავიანთ პირვანდელ მნიშვნელობას კარგავს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნები მეტნაკლებად ახასიათებს გლობალიზაციას, თუმცა გადამწყვეტი არ არის.

ცნობილი გერმანელი მოაზროვნე კარლ იასპერსი (1948) მიიჩნევდა, რომ თანამედროვე გლობალიზაცია დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იგი წერდა „სწორედ ამ მომენტიდან იწყება მსოფლიოს, როგორც ერთიანი მთლიანობის ისტორია, დედამიწა ერთიანი გახდა. თავს იჩენს ახალი საშიშროებანი და შესაძლებლობანი. ყველა არსებითი პრობლემა მსოფლიო პრობლემად იქცა, სიტუაცია - მთელი კაცობრიობის სიტუაციად“. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის დაწყების თარიღი უშუალოდ არის დაკავშირებული საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის მსოფლიო სისტემის დაშლასთან, ე.ი. 1992 წელთან, როდესაც პოსტსაბჭოური და პოსტსოციალისტური სივცე გახდა ღია და მისაწვდომი დასავლური გლობალიზაციისათვის. პროფესორი ზურაბ დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საყოველთაო გლობალიზაცია „მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისიდან შეიძლება მომხდარიყო, როცა სოციალიზმის კრახი და საბჭოთა კავშირისდაშლა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულის მაუწყებელი გახდა“. გამოდის, რომ გლობალიზაციის დაწყების თარიღად სამი ძირითადი პოზიცია არსებობს: 1) გლობალიზაცია იწყება უძველესი დროიდან 2) გლობალიზაცია იწყება მეორე მსოფლიო ომის დროიდან. 3) გლობალიზაცია იწყება საბჭოთა კავშირის დროიდან.

No comments:

Post a Comment